დავით საგანელიძე ხელისუფლებას 18-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის დაკარგვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ალიანსის" წევრმა, დავით საგანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გუშინ, რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მეტეოროლოგიურ ცენტრში რუსულ-ოსურმა ე.წ. სასაზღვრო ჯარებმა სასაზღვრო პუნქტი გახსნეს. სირცხვილია, რომ საქართველოს სასაზღვრო უწყება არ ფლობს რეალურ ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა ახლა ამ მონაკვეთზე. რეალურად ქართული სასაზღვრო ჯარები არ აკონტროლებენ, ვერ აკონტროლებენ ამ ტერიტორიას და აკეთებენ ისეთ აბსურდულ განცხადებას, თითქოს თოვლის გამო იქ ასვლა შეუძლებელია", - განაცხადა საგანელიძემ.
"ჩვენ შარშან თვენახევრის განმავლობაში ვნახეთ, თუ როგორ მალავდა ხელისუფლება ქართული სასაზღვრო ძალების უკან დახევის ფაქტს თითქმის 20 კილომეტრით; მალავდა ხიდის აფეთქების ფაქტსაც და მხოლოდ თვენახევრის შემდეგ გახდა ხელისუფლება იძულებული, ეღიარებინა, რომ ამ ტერიტორიიდან ქართულმა სასაზღვრო ჯარმა უკან დაიხია, რომ ხიდიც გაურკვეველ ვითარებაში ააფეთქეს. ახლაც არის დაახლოებით ანალოგიური ვითარება - ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას უმალავს ინფორმაციას, თუ რა ხდება რეალურად მამისონის უღელტეხილზე", - განმარტა მან.