საქართველომ გააკეთა თავისი არჩევანი და აქვს სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ ალიანსში, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს და სლოვაკეთის მთავრობის მეთაურებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც შეხვედრის შედეგები შეაჯამეს.
ორმხრივი ურთიერთობები, ევროინტეგრაციის დღის წესრიგი, ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი - ეს ის მთავარი თემებია, რომლებზეც ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს.
რობერტ ფიცოს განმარტებით, საქართველოსა და სლოვაკეთს საერთო ევროპული, დემოკრატიული ღირებულებები და ტრადიციული კავშირები გააჩნიათ.
„კარგი იქნება, რომ პოლიტიკოსებმა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს. ამავე დროს, ჯერ გაგვაჩნია გამოუყენებელი პოტენციალი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ განვახორციელებთ ზეწოლას მინისტრთა კაბინეტზე, რათა სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდეს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, სლოვაკეთის საელჩოს გახსნამ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა.
ამასთან, ფიცოს განმარტებით, არსებობს პირდაპირი ავიარეისების გახსნის შესაძლებლობა, რომელიც ორი ქვეყნის დაახლოების პროცესს შეუწყობს ხელს.