ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას "მრეწველებიც" უნდობლობას უცხადებენ.
"არც NDI-ს და არც IღI-ის მიერ ჩატარებული კვლევები არავითარ ნდობას არ იმსახურებს. ამერიკელებს საქართველოში თავიანთი ფავორიტი პარტიები ჰყავს, რომელთა მიმართაც დამოკიდებულებას ასეთი "შეკაზმული კველევების" მეშვეობით გამოხატავენ. ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, გოგი თოფაძეს თბილისში 24 % უჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, რამდენიც არ უნდა ეცადოს NDI ხალხის შეცდომაში შეყვანას, ამას ნამდვილად ვერ მოახერხებს",- განუცხადა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერობის მათ კანდიდატ გოგი თოფაძეს მხოლოდ მესამე ადგილი უჭირავს.
ამასთან, ტყემალაძის აზრით, მაშინ როცა არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირაა დარჩენილი, მსგავსი კვლევების ჩატარება დაუშვებელია.
"ეს არის რბილად რომ ვთქვათ არაკორექტული და თუ სერიოზული შეფასება გინდათ, დანაშაული",- განმარტავს ტყემალაძე.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 57 % თბილისის მერად მმართველი გუნდის კანდიდატის - გიგი უგულავას გახდომას უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა 7 %-ით "ალიანსის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, მესამეზე "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე, შემდეგი პოზიცია კი "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატ გია ჭანტურიას უჭირავს. "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური პირველ ხუთეულში საერთოდ ვერ მოხვდა.