უმრავლესობის წევრის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს, ყოფილი ხელისუფლების რეალური სახე გამოჩდა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ლორთქიფანიძემ 7 ნოემბერსა და დღეს მიმდინარე პროცესებს შორის პარალელები გაავლო.
დეპუტატის თქმით, ნაციონალები ცდილობენ, რომ საზოგადოებას დღევანდელი მოვლენები სხვაგავარად მიჰყიდონ და თავი ტანჯულებად წარმოაჩინონ.
„7 ნოემბერი ძალიან სამარცხვინო და ტრაგიკული დღეა, რადგან ამ დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია. ეს ადამიანები რუსთაველის პროსპექტზე მიწაზე ათრიეს, ხოლო რიყეზე ადამიანები დაასისხლიანეს. გივი თარგამაძემ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ მოსახლეობას „სულს ამოხდიდა“ და ეს სისრულეშიც მოიყვანეს კიდეც. ნაციონალები თავს დემოკრატიაზე დებენ, მაგრამ მათ „იმედი“ დაარბიეს და ჟურნალისტები იატაკზე დაყარეს. 7 ნოემბერს, წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისუფალი მედია გაენადგურებინა. ამ ფონზე კი, მათი გამოსვლები უხერხულია, თითქოს, მათ ვიღაც ავიწროვებს. ეს ადამიანები ცხვრის ქურქში გადაცმული მგლები არიან, რომელთაც ეს დღე უნდა ახსოვდეთ,“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
კანონმდებელმა სხდომაზე ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ანდრიაძის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციაც გაავრცელა და დეპუტატებმა ყოფილი კოლეგის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.