პარლამენტის წევრის, გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, 30 ნოემბერს, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ისტორიული სამიტი გაიმართება, სადაც კლიმატის ცვლილებების შეჩერებასთან დაკავშირებით, დოკუმენტი იქნება განხილული.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაჩეჩილაძემ განაცხადა, ამ თვალსაზრისით, მდგომარეობა კატასტროფულია, რადგან ბოლო მონაცემებით, ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაცია დაახლოებით 143 პროცენტით გაიზარდა.
მისი თქმით, მოსალოდნელია 6 გრადუსამდე ტემპერატურის ზრდაც.
„დედამიწაზე, ყოველწლიურად, დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება და ეს მონაცემები გაიზრდება. ამ მხრივ კარგი ვითარება არც საქართველოშია. ბოლო 15 წლის განმავლობაში, საქართველოში ტემპერატურა 0,6-ით გაიზარდა. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულებიბი გვაქვს, რადგან გაერო-ს შეთანხმებას მიერთებული ვართ, რომლის მიხედვით, 2020 წლისთვის გამონაბოლქვების რაოდენობა უნდა შემცირდეს. ყველაფერ ამას, თანხები სჭირდება და კარგი იქნება თუკი, პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით მხარდაჭერას გამოხატავს. თუ ეს ყველაფერი არ შევაჩერეთ, ჩვენს მომავალს საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.