იუსტიციის მინისტრმა რუმინეთის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ანა ბირჩალი მიიღო. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველო-რუმინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებზე, მიგრაციასა და ტერორიზმის საფრთხეებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, რუმინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დუმიტრუ ბადეა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი.
რუმინეთის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება, რომელიც გუშინ გაიხსნა. ანა ბირჩალმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.