საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია სამშობლოში დაბრუნდა.
როგორც მან აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, ციურიხსა და მიუნხენში გამართულ შეხვედრებზე ევროპელ სპეციალისტებსა და ექსპერტებს კომისიის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დროისთვის მოძიებული ინფორმაცია გააცნო.
გამსახურდიას განმარტებით, ევროპელ სპეციალისტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სხეულზე აღმოჩენილი არაერთი დაზიანება გარკვეულ ეჭვებს უჩენს.
"საუბარია დაზიანებებზე, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიყენებული აქვს სახეზე. ასევე დაზიანებები გამოიხატება ნეკნებისა და მენჯის ძვლის მოტეხილობაში. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, დაზიანებული აქვს თავის ქალის მიდამოც. აღნიშნული მეც და ევროპელ ექსპერტებსაც გვაფიქრებინებს, რომ ეს დაზიანებები შემთხვევითი არ უნდა იყოს", - განუცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ კონტექსტში 1994 წლის 17 თებერვლის ოქმი და 2007 წლის ექსგუმაციის შედეგად მიღებული დასკვნა უნდა გადაიხედოს.
შეგახსენებთ, რომ გამსახურდია ჯერ გერმანიას, შემდეგ კი შვეიცარიას სტუმრობდა.