დღეს, 11 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე საბაზისო პროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
სხდომაზე დღის წესრიგში სამი პროექტი იქნება. ერთის ავტორები კომისიის ხელმძღვანელები, ავთანდილ დემეტრაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი არიან, მეორის - ლევან რამიშვილი, მესამის - ვასილ გონაშვილი.
რამიშვილის პროექტი, რომელიც ქვეყნის ფედერალიზებას ითვალისწინებს, ჯერ კონცეფციის სახითაა ჩამოყალიბებული და პროექტის სახე არა აქვს. გონაშვილის პროექტი ქვეყანაში ვიცე-პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებას და პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის გაუქმებას ითვალისწინებს. რაც შეეხება კომისიის ხელმძღვანელების პროექტს, ის ქვეყნის მმართველობის შერეულ მოდელს გულისხმობს და მასში პარლამენტის როლია გაძლიერებული, განსხვავებით წინა ორი პროექტისგან: მთავრობის ფორმირებაში პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტია ჩართული, პრეზიდენტი გამიჯნულია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, მას მინისტრის სამართლებრივი აქტის გაუქმების უფლებამოსილებაც აღარ ექნება და ა. შ. პროექტში მნიშვნელოვანი სიახლეებია სასამართლო სისტემასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილების შემდეგ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პროექტის საბოლოო სახეზე იმუშავებს და შედეგს ვენეციიის კომისიაში გააგზავნის.
ვენეციის კომისიის სხდომა 4-5 ივნისსაა დაგეგმილი.