„ჩვენ არ ვაპირებთ ისეთ უცნაურ გაერთიანებებში გაწევრიანებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის საეჭვო და ბუნდოვან პერსპექტივებს გვპირდება. წინა ხელისუფლებამ აშკარად დააგვიანა დსთ-დან გამოსვლა, მაგრამ გამოცდილების თვალსაზრისით ჩვენ „კარგი გაკვეთილი“ მივიღეთ“,- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "ევრო დიალოგი XXI" - თვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან“ გამოსვლის შემდეგ ცენტრალური აზიის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებს შესახებ.
„სამხრეთის ენერგოდერეფანი“, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ირანის პოტენციურ რესურსებთან ერთად, ევროპაში, რუსული გაზის მთავარ ალტერნატივად განიხილება. ენერგეტიკული თანამშრომლობა ღრმავდება თურქმენეთთან, რომლის ენერგომარაგებიც გაზრდის „სამხრეთის ენერგოდერეფნის“ პოტენციალს და მის პოლიტიკურ დატვირთვას. საქართველო ამ გზაზე პარტნიორების ერთგული, სანდო და შედეგზე ორიენტირებული მოკავშირეა. ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება სცდება ერთი ქვეყნის ინტერესებსა და მისწრაფებებს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ინტერვიუში მინისტრმა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის ხედვებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით: „საერთაშორისო და რეგიონული დონის სატრანზიტო პროექტები, ბევრი უცხოური ინვესტიცია და რაც მთავარია, ჩვენი შესაძლებლობების და აქტივების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება - არის ქვეყნის ენერგეტიკული და ფინანსური კეთილდღეობის გარანტია. საქართველოს მთავრობას აქვს მტკიცე ნება - ღირსეული ადგილი დაიკავოს ყველა საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში, რომელშიც ჩართული ვიქნებით. მიმაჩნია, რომ არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საქართველო, მსგავსი ტიპის პროექტებში ყველაფერზე თანახმა და „მუქთა“ დერეფანი იქნება“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.