თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს ძალებთან თავსებადობა სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, დამოკლდეს ნატოსკენ მიმავალი გზა. თინათინ ხიდაშელმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ანგარიშის წარდგენის დროს იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ნატოს უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. “ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი სწორედ უელსის პაკეტის კომპონენტებია, ის მოთხოვნები, რომლებიც საქართველოსთვის არის დადგენილი და ის ჩარჩო, რომლებშიც ჩვენი სისტემის ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს. ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ ჯარი, რომელიც იქნება მობილური და შეძლებს პასუხი გასცეს იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ეს გამოწვევები არ არის მხოლოდ კონვენციური ომი, ომი სამხედრო ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცებით. ეს სივრცე გაცილებით უფრო ფართო და მრავალკომპონენტიანი გახდა. ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტრო ძალიან ბევრი ინიციატივის განხორციელებას აპირებს.“
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ამ გამოწვევებზე პასუხის გასაცემად და შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით უმნიშვნელოვანესი პროექტები ხორციელდება, მათ შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტები და ლოჯისტიკის მიმართულება, რომელიც უელსის პაკეტის ერთ-ერთი კომპონენტია.
თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შეიარაღებულ ძალებში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზე: „იენს სტოლტენბერგის ვიზიტის დროს მოისმინეთ ფრაზა - „მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში“. სწორედ ეს არის ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი კომპონენტი. 2015 წელი ძალიან წარმატებული გვქონდა, რადგან პირველად ჩატარდა საქართველოში მასშტაბური ქართულ-ამერიკული სწავლება „Noble Partner”. როგორც კი დასრულდა სწავლების პირველი ეტაპი, დავიწყეთ ამერიკელებთან საუბარი გაცილებით უფრო ფართომასშტაბიან სწავლებაზე“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ანგარიშის წარდგენისას თინათინ ხიდაშელმა საფრანგეთის მხარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უელსის პაკეტის თანახმად, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ფრანგი ოფიცრების გუნდი ქართველ სამხედროებთან ერთად ორი წლის განმავლობაში სასწავლო და პრაქტიკულ საქმიანობას განახორციელებს. „ფრანგებთან დადებული ხელშეკრულება ბოლომდე მივიყვანეთ. საფრანგეთი უელსის პაკეტის ფარგლებში საჰაერო თავდაცვის კომპონენტის ლიდერი ქვეყანა გახდა. ორი წლის განმავლობაში ფრანგი ოფიცრები ჩვენს ოფიცრებთან ერთად იმუშავებენ და შესაბამისად, გამოირიცხება ყველანაირი სიურპრიზი ძვირადღირებული, ნატოს სტანდარტის მქონე ტექნოლოგიის გამოყენების გზაზე“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.