საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მოსახლეობას ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორიული საფუძველი გააჩნია.
„მიხარია, როდესაც ვუყურებ აღმშენებლობას თქვენს რაიონში, რომელსაც ხელს უწყობენ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები. ძალიან სასიხარულოა ისიც, რომ ეს მხოლოდ ამ რაიონში არ ხდება.
სასიხარულოა, ქართული ენის სწავლების საპრეზიდენტო პროგრამის მიმართ თქვენი მხრიდან მზარდი ინტერესი. ეს ძალიან მისასალმებელია.
ვხედავთ, რომ თქვენ აქტიურად ინტეგრირდებით ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული განვითარების მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ სოფლის მეურნეობის პროექტებიც ვითარდება და ნელ-ნელა იკრებს ძალებს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
რეგიონში ქართული ენის შესწავლის საკითხს ილჰამ ალიევიც გამოეხმაურა და კმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ნებისმიერ მსურველს ქართული ენის შესწავლის საშუალება ეძლევა.
„თქვენი სრული ინტეგრაციისათვის აუცილებელია ქართული ენის კარგად ცოდნა. მე მიხარია რომ არა მარტო ბავშვები, არამედ უფროსებიც დადიან და სწავლობენ ენას.
რა თქმა უნდა, თქვენ არ უნდა დაივიწყოთ აზერბაიჯანულიც.
დარწმუნებლი ვარ, რომ „სოკარიც“ და სხვა აზერბაიჯანული კომპანიებიც ჩადებენ ინვესტიციებს საქართველოში ქართველებისა და აზერბაიჯანელების კეთილდღეობის განვითარებისათვის“, -აღნიშნა ალიევმა.
ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს და აზერბაიჯანს ახლო, მეგობრული ურთიერთობები გააჩნიათ. „მსურს, რომ კარგად ცხოვრობდეთ და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები აქტიურად იყოთ ჩაბმულები ჩვენი ქვეყნების განვითარების საქმეში“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მარნეულში სამაცივრე მეურნეობაც მოინახულეს.