"ალიანსი საქართველოსთვის" კრწანისში მაჟორიტარმა კანდიდატმა სოფიო ხორგუანმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს მიმართა თხოვნით, ერთი დღით დევნილთა საკითხებში მინისტრის მრჩევლად მუშაობის ნება დართოს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსი საქართველოსთვის" პრესსამსახურიდან აცნობეს, მაჟორიტარობის კანდიდატი ითხოვს, ერთი დღით, საზოგადოებრივ საწყისებზე, იმუშაოს ძველი თბილისის გამგებლის ივა ჭყონიას და ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, გია გვენეტაძის მოადგილედ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ანდრია ურუშაძეს კი ერთი დღით სოციალურ აგენტად მუშაობის ნებართვას სთხოვს.
"მაჟორიტარობის კანდიდატის მიზანია, საზოგადოებისთვის ნათელი გახადოს, რომ ნებისა და შესაბამისი კომპეტენციის არსებობისას შესაძლებელია სახელმწიფო უწყებები გამჭვირვალედ, თანასწორობის პრინციპის დაცვითა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდნენ. რადგან ყველაზე მეტ პრეტენზიას ამომრჩევლები ამ უწყებების მიმართ გამოთქვამენ", - ნათქვამია "ალიანსის" განცხადებაში.
შესაბამისი განცხადებები, აღნიშნულ უწყებებს, დღეს, 10 მაისს, გაეგზავნა.