შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ქართული მხარე მზად არის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფლებს გაზი მიაწოდოს.
როგორც ჟურნალისტებს ზაქარეიშვილმა განუცხადა, ის ინფორმაციას არ ფლობს, ე.წ. პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა რა დოკუმენტი გამოსცა.
მინისტრის ცნობით, 2008 წლამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთს თბილისიდან გაზი მიეწოდებოდა, 2008 წლის შემდეგ კი, ეს პროცესი შეწყდა.
ზაქარეიშვილის განცხადებით, ოსური მხარე ხშირად სპეკულირებდა თითქოს, მას ქართული მხარე გაზს აღარ აწვდიდა.
„სამწუხაროდ, მათ ამის საფუძველი ჰქონდათ, რადგან 2012 წლამდე, სანამ ჩვენ ხელისუფლებაში მოვიდოდით, მათ თბილისის მხრიდან გაზი არ მიეწოდებოდათ. როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, მათ მაშინვე შევთავაზეთ და მე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას შეტყობინება გავუგზავნე, რომ მზად ვიყავით, ახალგორის გაზით მომარაგება აღგვედგინა. თუ მანამდე სპეკულირებდნენ, რომ ქართველები ბავშებს სკოლებში და ავადმყოფებს საავადმყოფოებში ყინავდნენ, პასუხად მივიღეთ, რომ გაზს რუსეთიდან მიიღებდნენ. ამის შემდეგ, რამდენიმე ზამთარი გავიდა. ყოველი ზამთრის წინ ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ მზად ვართ, აღვადგინოთ გაზის მიწოდება ახალგორის რაიონში. ეს იმიტომ, რომ გაზი მხოლოდ ახალგორს მიეწოდებოდა. პასუხად ამბობენ, რომ ისინი რუსეთის გაზს ელოდებიან და ამასობაში საკუთარ მოსახლეობას თავად ყინავენ. ყოველთვის არსებობდა ის, რომ ჩვენ გაზის მიწოდებას ვთავაზობდით და ისინი არ იღებდნენ. ჩვენ ის მოვახერხეთ, რომ გამყოფი ხაზის აქეთ ყველა სოფელი გაზიფიცირებულია და მზად ვართ, ამ სოფლებიდან გაზი გამყოფი ხაზის იქეთ არსებულ ოსური მხარის კონტროლირებად სოფლებს მივაწოდოთ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ "სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირების საკითხზე მიმდინარე წლის 1 ივლისს მორიგ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დახმარება სთხოვა".
თიბილოვის თქმით, ამ დროისთვის გაზპრომის მიერ უკვე მომზადებულია გაზიფიცირების სქემა. "ეს სქემა ჩემ მიერ უკვე დამტკიცებულია და ჩვენ უკვე სამხრეთ ოსეთის გაზიფირების საკითხზე გაზპრომთან მუშაობას დავიწყებთ. ამ სქემით გათვალისწინებულია ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც დიდ დანახარჯებს მოითხოვს, შესაბამისად, ინვესტიციის პროგრამის ფარგლებში ამას ვერ უზრუნველვყოფთ. ამჟამად მიმდინარეობს ალექსეი მილერთან [გაზპრომის წარმომადგენელი] შესაბამისი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაო. ეს შეხვედრა შესაძლოა წლის ბოლომდე შედგეს. ბუნებრივი აირის მოცულობა, რომელიც სამხრეთ ოსეთში შემოვიდა, საკმაოდ დიდია და მთელი რესპუბლიკის დაკმაყოფილება შეუძლია", - ამბობს თიბილოვი. 2008 წლის ომამდე რეგიონი ბუნებრივ აირს თბილისიდან იღებდა. ~