პარლამენტში, დღეს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართება.
საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილება: ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგი, დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებები.
მათი ცნობით, სხდომაზე რეზოლუციას მიიღებენ, რომელშიც საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობაზე, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების ერთობლივი მოსაზრება აისახება.
ამას გარდა, ვიზიტის ფარგლებში, ასოცირების კომიტეტის წევრები, საქართველოს პრეზიდენტს, აღმასრულებელი და საკონონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს შეხვდებიან. ასევე დელეგაციის წევრები სოფელ დიდ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მონახულებენ.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის ადგენს. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი წარმოადგენს ფორუმს ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შეხვედრისა და აზრთა გაცვლისთვის.