პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საზედამხედველო მექანიზმების გაძლიერებისა და ამ მიმართულებით დასავლური გამოცდილების თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს (CCDS) მხარდაჭერით იმართება.
ორგანიზატორების ცნობით, სამუშაო შეხვედრის მიზანია, დაზვერვასა და სხვა უსაფრთხოების სამსახურებზე სამოქალაქო-დემოკრატიული ზედამხედველობის კუთხით საუკეთესო ევროპული პრაქტიკა გამოინახოს, რაც მოიცავს - ზედამხედველობის განხორციელების ფორმალურ და პრაქტიკულ ჩარჩოებს, საკანონმდებლო ბაზას და ევროპული სტანდარტების შესაბამის სამართლებრივ პრეცედენტებს.
ამას გარდა, ღონისძიებაზე განხილული იქნება სამოქალაქო-დემოკრატიული ზედამხედველობის კუთხით ევროპულ დემოკრატიებში არსებული გამოწვევები და მიღწევები.