სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე წლის განმავლობაში 57 მსჯავრდებული გარდაიცვალა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დიმიტრი შაშკინის უწყებიდან აცნობეს, ყველა მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გამოძიება და შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა.
"სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მინიმუმამდე შემცირდეს", - აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 1 მაისიდან - ჯანდაცვის რეფორმის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ 7 პატიმარია გარდაცვლილი.
"სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს შორის ჯანდაცვის სისტემის რეფორმა ყველაზე პრიორიტეტულია. რეფორმა მიმდინარე წლის 1 მაისს დაიწყო. სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში გაიხსნა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სტომატოლოგიური კაბინეტი, ლაბორატორია. სისტემაში ფუნქციონირებს 2 ჰოსპიტალი, რომლებიც ასევე შეესაბამება ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მსჯავრდებულებს 24 საათიან რეჟიმში მაღალკვალიფიციურ დახმარებას უწევს 394 ექიმი და ექთანი. განსაკუთრებულ შემთხვევებში მსჯავრდებულების სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანომობილებით ხდება. სისტემაში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმის პირველი შედეგი სახეზეა. რეფორმის დაწყებიდან, 1 მაისიდან დღემდე, სისტემაში გარდაცვლილია მხოლოდ 7 პატიმარი", - განმარტავენ სამინისტროში.