კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილის განმარტებით, საერთაშორისო სასამართლო გამოძიებას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუკი შესაძლებელია დამნაშავე პირების იდენტიფიკაცია. იგი მიიჩნევს, რომ გამოძიების დაწყება არ მოხდებოდა, თუკი იდენტიფიკაციის დიდი ალბათობა არ არსებობს.
"ასეთ სიტუაციებში აუცილებლად ხდება გამოძიების დაწყება. გამოძიების დაწყება კი გულისხმობს მომეტებულ ალბათობას იმისას, რომ იდენტიფიცირებული იქნებიან კონკრეტული დამნაშავეები და დასჯილი იქნებიან. სასჯელად შესაძლებელია დაინიშნოს 30 წლამდე პატიმრობა ან უვადო პატიმრობაც კი. იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი პირების იდენტიფიცირება და დასჯა მოხდება,"- განაცხადა იურისტმა.
შეგახსენებთ, ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის ტრიბუნალი, 1998 წელს შეიქმნა ე.წ. «რომის სტატუტის» შესაბამისად: მისი მიზანია გამოიძიოს კონკრეტული პირების (და არა სახელმწიფოების!) დანაშაულები საერთაშორისო მშვიდობის, ადამიანურობის და კაცობრიობის წინააღმდეგ. მათ შორის გენოციდი და ეთნიკური წმენდა, როგორც გენოციდის ერთ ერთი ნაირსახეობა.
განსასჯელი პირი შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც გასცა ესა თუ ის ბრძანება, ასევე გენერალი ან უბრალო სერჟანტი თუ ჯარისკაცი, ვინც, საბრძოლო მოქმედებების დროს, ჩაიდინა ესა თუ ის დანაშაული – თავს დაესხა სამშვიდობო ძალებს, მოკლა თუნდაც ერთი მშვიდობიანი მოსახლე, დაწვა სახლი და ა.შ.