"დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს შეფასებით, დღეს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის დამცირება იზეიმა.
"2009 წლის 6 მაისს სააკაშვილისა და მერაბიშვილის პირადმა პოლიციამ მშვიდობიან მოქალაქეებს "სისხლიანი გიორგობა" მოუწყო, ტყვიები ესროლა და თვალები დათხარა მათ, ვინც ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას აპროტესტებდა. დღეს, ერთი წლის შემდეგ, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ხელისუფლებამ პოლიციელთა პროფესიული დღესასწაული აღნიშნა. სააკაშვილმა და მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს "გამჭვირვალე" შენობის წინ პოლიციელთა საგანგებოდ თეატრალიზებული აღლუმი ჩაიბარეს. დღეს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის დამცირების, მათზე უკანონო და უმოწყალო ძალისმიერი მეთოდების გამოყენების ერთი წლისთავი იზეიმა და ამით კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას", - ნათქვამია "დემოკრატიული მოძრაობის" მერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი შეფასებით, აღლუმის არსი იმაშია, რომ საზოგადოებას აჩვენოს პოლიცია და არმია ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულია.
"დღეს კი, ხელისუფლებამ პირობითი ბარიკადის სხვადასხვა მხარეს დააყენა საკუთარი ხალხი და აღლუმი მხოლოდ თავისთვის მოიწყო, პოლიცია მხოლოდ სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინაშე ანგარიშვალდებულად აქცია. დღევანდელი აღლუმით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის პოლიცია, ისევე როგორც ჯარი არა სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს, არამედ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელ დღეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან ადეკვატური შეფასება ექნება.