დღეს, 30 ოქტომბერს, ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ირაკლი დოკვაძის პროცესი განახლდება.
სასამართლო სხდომაზე სავარაუდოდ დაზარალებულ როზა გულიაშვილის და და ექსპერტები დაიკითხებიან.
წინა სხდომაზე გამომძიებელი ზაზა ჟამერაშვილი და კახა სირაძე დაიკითხა, რომელმაც დოკვაძის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა.
დოკვაძეს ბრალად ედება ვაკეში რამდენიმე თვის წინ ცოლ-ქმარ ელზა გულიაშვილისა და გოჩა კვიტრიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა. ელზა გულიაშვილი შემთხვევის დროს ფეხმძიმედ იმყოფებოდა. მათი მდგომარეობა ახლაც მძიმეა.
ადვოკატების განცხადებით, დოკვაძის ბინის ჩხრეკის ოქმი კანონდარღვევით შედგა. კერძოდ, ბინიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის ფეხსაცმელი, რომელიც საქმეში მთავარი მტკიცებულებაა, არ დალუქულა.
გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, დოკვაძის ფეხსაცმელზე აღმოჩენილი სისხლი ცოლ-ქმარ ელზა გულიაშვილს და გოჩა კვიტრიშვილს ეკუთვნოდა.
დოკვაძე ზვიად გამსახურდიას ყოფილი მხარდამჭერია და მას სხვადასხვა დანაშაულებებისთვის სამუდამო პატიმრობაც ჰქონდა მისჯილი. იგი 10-წლიან სასჯელს იხდიდა დივერსიული აქტისთვის და სამშობლოს ღალატისთვის, თუმცა, მოგვიანებით რეაბილიტირებულ იქნა და პოლიტპატიმრად აღიარეს.