საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აჭარაში კლასიკური სეპარატიზმის რეჟიმი არსებობდა.
"ხშირად, შეიძლება ისტორიული თარიღების ჭეშმარიტება ეჭვის ქვეშ დადგეს, მაგრამ 2004 წლის 6 მაისი, ეს იყო მართლაც გათავისუფლების დღე, რადგან აბაშიძის რეჟიმი სხვა არაფერს წარმოადგენდა, თუ არა კლასიკურ სეპარატიზმს", - განაცხადა ბათუმში მყოფმა პრეზიდენტმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, აჭარაში 6 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
"დაწყებული 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოსკოვის მიერ ხელდასმულმა ასლან აბაშიმ დაიწყო სამართლებრივი აქტების მიღება, რომლითაც აჭარის ავტონომია მთლიანად გამოიყვანა ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებისგან. ეს ეხებოდა არა მხოლოდ ზოგადად ავტონომიის, არამედ ფუნდამენტურ საკითხებს, მათ შორის შეიარაღებულ ძალებს, პოლიციის, ადგილობრივი უზენაესი საბჭოს კონტროლს. აბაშიძემ დაირქვა აჭარის მეთაური, რაც არ იყო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისიწნებული. ეს სხვა არაფერი არ იყო, თუ არა კლასკური სეპარატიზმი", - განმარტა სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, აჭარა აბაშიძის რეჟიმისგან თავად აჭარის მოსახლეობამ გაათავისუფლა იქამდე, სანამ აღნიშნულში ცენტრალური ხელისუფლება ჩაერეოდა.
"ჩვენ მზად ვიყავით მიგვეღო ყველანაირი ზომა ამ რეჟიმის დასამარცხებლად, მაგრამ ეს არ გახდა აუცილებელი, რადგან მას შემდეგ რაც აბაშიძემ ხიდები ააფეთქა და აჭარის საზოგადოებას უთხრა, რომ ქართულ საზოგადოებასთან მათი კავშირი უკვე ფიზიკურადაც ჩაჭრილია, არა თუ მხოლოდ ქაღალდების დონეზე, ამან აჭარის მოსახლეობის მოთმინების ფიალა აავსო, ის ქუჩაში გამოვიდა და სანამ ჩვენი ძალები აქ შემოვიდოდნენ,აბაშიძე თავად გაიქცა ბათუმიდან", - განმარტა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 მაისს აჭარის რევოლუციიდან 6 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტი სააკაშვილი რეგიონში იმყოფება. ამ წუთებში ის ბათუმის მოსახლეობასთან მართავს შეხვედრას.