მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) შს სამინისტრომდე მისასვლელი ახალი "შემოვლითი გზა" აღმოაჩინა.
ამის შესახებ "უცნობმა" ვარკეთილში (ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე) მიდმინარე აქციაზე თავად განაცხადა.
"მართალია მერაბიშვილმა მის უწყებამდე მისასვლელი ყველა გზა ჩაგვიკეტა, მაგრამ კიდევ ერთი გზა აღმოვაჩინე, რომლითაც სამინისტროსთან გადავალთ", _ განაცხადა გაჩეჩილაძემ, თუმცა გზის მარშრუტი არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, "უცნობმა" პოლიციელებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და პირობა დადო, რომ "6 მაისი პოლიციის დღე არასდროს გახდება".
როგორც ცნობილია, ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომელიც 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით აქციის გამართვას შს სამინისტროსთან გეგმავდნენ, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მისვლა მხოლოდ ვარკეთილამდე შესძლეს. აღნიშნული ტერიტორიიდან მერაბიშვილის უწყებისკენ გზის გაგრძელების საშუალებას მათ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ, რის გამოც პოლიტიკური უმცირესობა საკუთარ პროტესტს ვარკეთილში აფიქსირებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩაკეტილია შს სამინისტრომდე მისასვლელი ყველა სამანქანო შემოვლითი გზაც.