ოპოზიციას შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისთვის "სიურპრიზი" აქვთ მომზადებული.
ამის შესახებ ვარკეთილში (ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე) შეკრებულ მომიტინგეებს გოგა ხაინდრავამ განუცხადა, თუმცა არ განუმარტავს, რა სახის სიურპრიზზეა საუბარი.
"ვანო მერაბიშვილისთვის სიურპრიზი გვაქვს მომზადებული, თუმცა რა სახის იქნება ეს, ამას მოგვიანებით გავაჟღერებთ",- განაცხადა ხაინდრავამ.
რაც შეეხება ზოგადად აქციას, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლების მიერ 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით მართავს, საპროტესტო მსვლელობა ვარკეთილშია შეჩერებილი. მომიტინგეებს შს სამინისტროსკენ გზის გაგრძელების საშუალებას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლებენ, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, აქცია აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება.
"აქციას გავმართავთ აქ, სადაც ძალით გაგვაჩერეს და დავრჩებით იქამდე, ვიდრე აღლუმი არ დასრულდება",- განმარტა ძიძიგურმა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლება გიორგობის დღესასწაულებს ერჩის.
"ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი წმინდა გიორგობის დღესასწაულებს ერჩიან. 23 ნოემბერი "ვარდების რევოლუციის" დღედ, 6 მაისი კი პოლიციის დღედ გამოგვიცხადეს, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება. ვაფრთხილებ მათ,Y რომ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე",- განაცხადა ძიძიგურმა.
აღსანიშნავია, რომ ვარკეთილში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე მიტინგზე ამ დროისთვის ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი იმყოფება. აქციის მონაწილეთა რაოდენობა უკვე რამდენიმე ასეულს აღწევს.