პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შს სამინისტროსკენ გზის გაგრძელების უფლებას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ. ვარკეთილში (ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე) გზა პოლიციის თანამშრომლებს აქვთ გადაკეტილი. ადგილზე ათამდე ყვითელი ავტობუსიც დგას.
როგორც მომიტინგეებს გოგა ხაინდრავამ განუცხადა, ისინი შეეცდებიან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე შემოვლითი გზებით მივიდნენ.
"ეს არის იმის დასტური, რომ მერაბიშვილს ჩვენი ძალიან ეშინია",- განაცხადა ხაინდრავამ და აქვე პოლიციელებს მოუწოდა, "არ დაუშვან ქრისტიანულ დღესასწაულზე უბადრუკი აღლუმის გამართვა".
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 მაისს პოლიცია საკუთარ პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ოპოზიცია აქციას სწორედ აღნიშნულის საპროტესტოდ მართავს.