6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაიწყო.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ამ წუთებში მეტროსადგურ "ვარკეთილთან" არიან შეკრებულნი. ისინი ვარკეთილის მიმართულებით ცოტა ხნის წინ მანქანების კოლონით რიყიდან დაიძრნენ.
როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა ბესელიამ განუცხადა, ისინი შეეცდებიან შს სამინისტრომდე მივიდნენ და საკუთარი საპროტესტო ხმა მერაბიშვილის უწყებას მიაწვდინონ.
"თუმცა, ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე მისვლა გაძნელდება. ყოველ შემთხვევაში, მივალთ იქამდე, სანამდე მისვლაც შესაძლებელი იქნება. ვაცხადებ, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია და იმედია, ხელისუფლება ძალას არ გამოიყენებს", _ განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ დღევანდელი დღე - 6 მაისი პოლიციის პროფესიულ დღედ გამოაცხადა, რასთან დაკავშირებითაც შსს-ის შენობასთან დღეს გრანდიოზული აღლუმი გაიმართება.