ხვალინდელ დღეს, 6 მაისს, ხელისუფლება პოლიციის პროფესიულ დღედ გამოაცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კახეთის გზატკეცილზე, მე-8 პოლკის ყოფილ დასახლებასთან, შსს-ის შენობასთან, პოლიციის გრანდიოზული აღლუმი გაიმართება.
დაგეგმილია, რომ აღლუმში შსს-ის 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა თავად აღლუმის სცენარი აქამდე გამართული აღლუმებისგან განსხვავებული იქნება.
წინასწარი ინფორმაციით, პოლიციის აღლუმი ორნაწილიანი იქნება. პოლიციელთა ნაწილი შენობის გარშემო უძრავად იდგება, მეორე ნაწილი კი შენობას მარცხნიდან და მარჯვნიდან მიუახლოვდება და ნახევარმთვარის ფორმით შეერთდება.
დაგეგმილია, რომ პოლიციის შენობის წინ ერთმანეთის მონაცვლეობით განლაგდებიან ჯავშან და სპეცტექნიკა, ასევე სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები, პატრული, განსაკუთრებულ დავალებათა, სპეციალური ოპერაციების, კონსტიტუციური უსაფრთხოების და შსს-ის სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები.
საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, ქართული პოლიციის დღე წლების განმავლობაში 10 ნოემბერს, საბჭოთა მილიციის დღეს აღინიშნებოდა.
პოლიციელებმა სამხედროებთან ერთად აღლუმის სამზადისი ვაზიანის აეროდრომზე გაიარეს.