"ალიანსი საქართველოსთვის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი, თინა ხიდაშელი ლიფტებში სახელისუფლო კანდიდატების პლაკატების გამოჩენას აპროტესტებს. ამის შესახებ "ალიანსის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ხიდაშელის განცხადებით, 4 მაისს საბურთალოს და სხვა თბილისის მრავალი რაიონის მაღალსართულიანი კორპუსების ლიფტებში, სახელისუფლო მერობის და მაჟორიტარი კანდიდატის სარეკლამო პლაკატები გამოჩნდა.
ხიდაშელი ამ ფაქტს მერიის კორუფციული გარიგების კიდევ ერთი ნიმუშს უწოდებს. მისი თქმით, ნებისმიერი ბიზნესპროექტი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებში ხორციელდება, კონკრეტული კორპუსის და მისი მცხოვრებლების კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს.
"ლიფტი კორპუსის საკუთრება და ყოველი ჩვენგანი საკუთარი შემოსავლიდან ყოველთვიურად იხდის ლიფტის გადასახადს. ლიფტებში ჩვენი ნებართვის გარეშე მოხდა სარეკლამო აბრების გამოკვრა, რომელიც ჩინოვიკების ფინანსურ ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რატომ ვიხდით ჩვენ ფულს, რომ შევინარჩუნოთ და მოვუაროთ ლიფტს, რომელსაც ჩინოვნიკები საკუთარი რეკლამისთვის და შემოსავლების ზრდისთვის გამოიყენებენ", - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელმა "ალიანსის" სახელით მოითხოვა, ამგვარი პროექტები მესაკუთრეთა ნებართვით განხორციელდეს, პროექტიდან მიღებული შემოსავალის ნაწილი კი კოპრუსებში არსებული პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს.