ჯონდი ბაღათურიას რეგლამენტის გაცნობას კიდევ ერთხელ ურჩევენ. ეს რჩევა ბაღათურიას პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ მისცა, რაც მან საკუთარი კანონპროექტის განხილვა დღეს სესიაზე კიდევ ერთხელ მოითხოვა.
პლენარული სხდომის დაწყებისას ჯონდი ბაღათურიამ მოითხოვა, დღის წესრიგში ჩაესვათ მის მიერ მიმზადებული ის კანონპროექტი, რომელიც საპენსიო მინიმუმის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას ითვალისწინებს.
როგორც ბაღათურია აცხადებს, მან კანონპროექტების განხილვა არაერთხელ მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, დღეს სესიაზე მოითხოვა, რომ ეს კანონპროექტი დღის წესრიგში ჩაესვათ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი მას რეგლამენტის მოთხოვნა განუმარტა, რომ კომიტეტების გვერდის ავლით საკითხის განხილვა მას ბიუროს სხდომაზე უნდა მოეთხოვა და დღეს ამ საკითხის დაყენება დაგვიანებულია, ვინაიდან ბიუროს გადაწყვეტილების გარეშე საკითხი დღევანდელ დღის წესრიგში, ვერ შევიდოდა.
"ამ უფლებით გუშინ თქვენმა კოლეგა გიორგი ცაგარეიშვილმა ისარგებლა და მასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ამიტომ თქვენც გირჩევთ, რეგლამენტის დაცვით იმოქმედოთ," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.