"ეროვნულმა საბჭომ" საბურთალოს მე-3 საარჩევნო ოლქში, ლევან გიორგობიანის კანდიდატურა "ალიანსის", კერძოდ თინა ხიდაშელის სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "კონსერვატორმა" კახა კუკავამ განაცხადა.
"ეს არის "ეროვნული საბჭოს" პოლიტიკური და ცალმხრივი გადაწყვეტილება. თუ იქნება მზაობა, არ გამოვრიცხავთ, სხვა ოლქებშიც შევთანხმდეთ. ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ კონკურენტუნარიანი კანდიდატები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ და საბოლოო ჯამში ოპოზიცია არ დაზარალდეს", - განაცხადა კუკავამ.
კუკავა დავით გამყრელიძის შეთავაზებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ეროვნული საბჭო" "ქრისტიან-დემოკრატების" მსგავსად, ამ მიმართულებით "ალიანსთან" თანამშრომლობას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ "ქრისტიან-დემოკრატებს" პირდაპირ ეთერში მოუწოდა მოეხსნათ თბილისის მერის არჩევნებზე გია ჭანტურიას კანდიდატურა, სანაცვლოდ კი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე ინგა გრიგოლიას "ალიანსის" მხარდაჭერას დაპირდა.