დღეს, 4 მაისს, პარლამენტში საარჩევნო რეჟიმზე გადასვლამდე ბოლო სესია გაიმართება. ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო მუშაობის საარჩევნო რეჟიმზე გადავა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს 3 მაისს სხდომაზე აღნიშნა, 4 მაისს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც ის კანონპროექტები მიღებული იქნება, რომელიც ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. ძირითადად საუბარია მეორე და მესამე მოსმენის კანონპროექტებზე.
პარლამენტის საარჩევნო რეჟიმზე გადასვლა კი გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომები არჩევნების დასრულებამდე აღარ გაიმართება, თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხის განხილვის აუცილებლობა არ დადგება. ასეთ შემთხვევაში კი მოწვეული იქნება რიგგარეშე სესია.
ამასთან, პარალმენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი მშვიდად ჩაივლის.
"იმედი მაქვს, პოლიტიკოსები წინასაარჩევნო პროცესის დაუბრკოლებლივ ჩატარებას შესძლებენ, რომ ქვეყანაში არც რიგგარეშე სესიის გამართვის აუცილებლობა დადგეს", - აღნიშნა ბაქრაძემ.