ხვალ, 30 ოქტომბერს,- პოლიტიკურ პატიმართა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს „ადამიანის უფლებათა ცენტრი" და „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიული ქსელი" მართავენ აქციას დევიზით „თავისუფლება - პოლიტპატიმრებს, სიმართლე - საზოგადოებას". აქცია 16:00 საათზე გლდანის ციხესთან გაიმართება. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პოლიტპატიმართა ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, ასევე პოლიტიკოსები რომლებიც აქტიურად ლობირებენ პოლიტპატიმართა გათავისუფლებას საქართველოში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა" 2009 წელს შეისწავლა საქართველოში პოლიტიკურ ნიადაგზე ადამიანთა დევნისა და შევიწროების ათეულობით ფაქტი და არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას გაეთავისუფლებინა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები.
2009 წელს „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ" შეისწავლა საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები ნამდვილად არსებობენ. მათ ანგარიშში მოცემული საპილოტო საქმეები აჩვენებს, თუ როგორ აკავებენ მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს, პოლიტიკური ოპოზიციის დამფინანსებლებს და ოპოზიციასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს სრულად ან ნაწილობრივ გაყალბებული სასამართლო საქმეების საფუძველზე. მათ წინააღმდეგ ყველაზე ხშირად შემდეგი სახის ბრალდებებს იყენებენ: იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვა, გამოძალვა და გადატრიალების მოწყობის მცდელობა.
ოპოზიციის დევნის შესახებ საუბარი იყო ასევე ეუთოს მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც 2008 წლის მაისში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა ფაქტები, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები დაპატიმრებით იმუქრებოდნენ და ციხიდან პატიმრის გამოშვებით ვაჭრობდნენ და ეს პირდაპირ იყო დაკავშირებული ოპოზიციის საქმიანობასთან.