უკრაინის გაერთიანებული დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთისათვის გადასაცემად დნესტრის ჰიდროაკუმულირებელი ელექტროსადგურის გადაცემას აპირებს. განცხადება ამის შესახებ იულია ტიმოშენკოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზეა განთავსებული.
"იანუკოვიჩმა დაიწყო ნაციონალური ინტერესების ჩაბარება და ეს მხოლოდ დასაწყისია. მაინტერესებს რით ახსნიან, რომელი საგაზო შეთანხმებით გაამართლებენ ჩვენი ჰიდროაკუმულირებელი ელექტროსადგურის გადაცემას რუსეთისათვის, რომელიც ჩვენი სტრატეგიული ინტერესის საგანია? არადა, შეთანხმება ამის შესახებ უკვე მზადდება ხელმოსაწერად", _ აცხადებს იულია ტიმოშენკო.
მისივე თქმით, იანუკოვიჩის ხელისუფლება არ შეჩერდება ხარკოვში გაფორმებული ხელშეკრულებებით და გააგრძელებს უკრაინის სტრატეგიული დაწესებულებების რუსეთისათვის ჩაბარებას.
"დარწმუნებული ვარ უკრაინაში შემთხვევით ხელშეკრულებებს როდი ეწერება ხელი. ეს არის პროგრამა, რომელიც კარგად არის მოფიქრებული და წინასწარ შეთანხმებული დღეს უბრალოდ მისი ცხოვრებაში განხორციელება ხდება", _ აცხადებს იულია ტიმოშენკო.
დნესტრის ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მსხვილი ჰიდროაკუმულირებელი ელექტროსადგურია.