ახლო პერიოდში ლარის კურსის ნახტომისებური ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს~ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში აშშ დოლარზე მოთხოვნა გაზრდილია.
`როგორც ჩანს ეროვნული ბანკი ახალი წონასწორული კურსის ჩამოყალიბებას ცდილობს. ამიტომ აქტიურად არ ერევა ბაზრის ფუნქციონირებაში. შეიმჩნევა ლარის გაუფასურება ~, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისი თქმით, ლარის გაუფასურება პირველ რიგში იმპორტირებული საქონლის გაძვირებას გამოიწვევს, ეს კი ინფლაციას წაახალისებს.
`როცა დოლარის კურსი იცვლება, დოლარში შეძენილი საქონლის ფასიც ავტომატურად იცვლება. ეს კი, წინასაარჩევნოდ სტაბილურ გარემოს არ ქმნის. არჩევნების წინ ხელისუფლება მაინც სტაბილურობის მიღწევას შეეცდება, შესაბამისად, ამ პერიოდში ნახტომისებური ცვლილება მოსალოდნელი ალბათ არ არის~, - განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, ახლო პერიოდში კურსის მხოლოდ მცირე რყევების დაფიქსირებაა მოსალოდნელი.