წარმომადგენლობით სახალხო კრებას "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე შეუერთდა. ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ დღეს წარმომადგენლობითი სახალხო კრების ოფისში გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა.
"დაიცავი საქართველო კრების მოწვევის პროცესში აქტიურად ჩაერთვება, მითუმეტეს ამ ისტორიულ დროს, როდესაც ქვეყნის გადარჩენის საკითხი მწვავედ დგას და აუცილებელია სააკაშვილის და მისი ბანდფორმირების ხელისუფლებიდან მოშორება. ამიტომ ყველა ფიზიკურ დას იურიდიულ პირს მოვუწოდებ სახალხო კრების მომზადების აქტიურ პროცესში ჩაერთოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს ხელისუფლება და მივაღწიოთ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ამასთან, სახალხო კრების წარმომადგენელის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია კრების ჩატარების თარიღი, თუმცა როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ კრება სავარაუდოდ თვითმართველობის არჩევნების შემდეგ გაიმართება.
"ამ დროისთვის სახალხო კრების მომზადება, როგორც თბილისში ასევე საქართველოს რაიონებშიც მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი მიზანია რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მივაღწიოთ", - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა დარბაზი 27 აპრილს დაფუძნდა. ამ დრომდე სახალხო კრების მხარდამჭერთა დარბაზს მხოლოდ ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე შეუერთდნენ.