"ალიანსს საქართველოსთვის" დავით გამყრელიძის შეთავაზებასთან დაკავშირებით "ქრისტიან -დემოკრატებიდან" ამ ეტაპზე არავინ დკავშირებია. ამის შესახებ "ალიანსის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს, პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დავით გამყრელიძის შეთავაზება კვლავ ძალაშია და იმ შემთხვევაში, თუ "ქრისტიან-დემოკრატები" თბილისის მერის არჩევნებზე გია ჭანტურიას კანდიდატურას ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მოხსნიან, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე "ალიანსი" ინგა გრიგოლიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
"თუკი შემხვედრი ნაბიჯები გამოჩნდება, ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ პოლიტიკური კონსულტაციები", - აღნიშნა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ "ქრისტიან-დემოკრატებს" პირდაპირ ეთერში მოუწოდა მოეხსნათ თბილისის მერის არჩევნებზე გია ჭანტურიას კანდიდატურა, სანაცვლოდ კი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე ინგა გრიგოლიას "ალიანსის" მხარდაჭერას დაპირდა.