რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს სევასტოპოლში მდგარი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზის განვითარების გეგმის შემუშავება და ბაზის სოციალური კეთილმოწყობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დაავალა.
"ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბაზის სოციალურ კეთილმოწყობაზე, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა მეზღვაურებმა თანამედროვე, ადამიანურ პირობებში უნდა იცხოვრონ და დასვენებისა და სხვა შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ", _ განაცხადა მედვედევმა დღეს სერდიუკოვთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე და დასძინა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის უკვე არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, რომ რუსეთის ბაზა ქალაქ სევასტოპოლთან შეთანხმებას გააფორმებს და ამ შეთანხმების მიხედვით რიგი მხარდასაჭერი ღონისძიებები განხორციელდება.