იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის მატერიალური სისხლის სამართლის თემაზე ორდღიანი ტრენინგი დაიწყო.
ღონისძიება სასტუმრო "ბეტსიში" იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის "იურიდიული დახმარების სამსახურის გაძლიერების" პროექტის კოორდინატორმა ირინა ცაგარელმა და საქართველოში საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის კოორდინატორმა სულხან გამყრელიძემ გახსნეს.
ტრენინგს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის ბიუროების ადვოკატები ესწრებიან. სწავლება გაეროს განვითარების პროგრამისა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ორგანიზებით ტარდება.
ტრენინგს უძღვებიან სამართლის ექსპერტები - ოთარ გამყრელიძე, დავით სულაქველიძე და მირიამ ზიფრიცი. ისინი, საზოგადოებრივ ადვოკატებთან ერთად, განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, ბრალეული ქმედება, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დანაშაულის კატეგორიები, ერთიანი დანაშაული, დანაშაულის სიმრავლე, თანამონაწილეობა, დაუმთავრებელი დანაშაული, ბრალისა და მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები. თეორიული მასალის გაცნობის გარდა, საზოგადოებრივ ადვოკატებს პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების საშუალებაც მიეცემათ. ტრენინგი შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების პროფესიონალიზმის ამაღლების საკითხზე აქტიურად მუშაობენ. მათი ორგანიზებით სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე საზოგადოებრივ ადვოკატებს ტრენინგები პერიოდულად უტარდებათ.