თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიას 6 თვის ანგარიში წარუდგინა.
კომისიამ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მუშაობას დადებითი შეფასება მისცა.
დღეისათვის საქალაქო სამსახური 29 პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს, საიდანაც 6 ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამაა. მიმდინარე პროგრამების 6 თვის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:
ონკოპრევენციის პროგრამის ფარგლებში, წლის დასაწყისიდან ძუძუს კიბოს სკრინინგი 6 040-მა ადამიანმა ჩაიტარა, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი - 5 052-მა, პროსტატის კიბოს სკრინინგი - 2 275-მა და კოლორექტული კიბოს სკრინინგი - 433-მა ადამიანმა.
გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის დაფინანსების პროგრამის კუთხით12 717 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე დიდი მაჩვენებელი მოდის ცოფის რისკის მქონე ექსპოზიციაზე - 6 014, შემდეგ ადგილზეა ჩუტყვავილა - 1 778, ხოლო მესამეზე - დიარეა - 1 343 შემთხვევით.
ივლისში ამოქმედდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა და დღეისათვის მისი მოსარგებლეა 279 ბავშვი.
ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში 286 ბენეფიციარია ჩართული.
C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ტესტირება, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან სრულად ფინანსდება, მაისი-ივნისში 560-მა ადამიანმა ჩაიტარა.
ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში (30 წლამდე ასაკის) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების თხოვნით შემოსული 12 განცხადებიდან 8 დაფინანსდა, ხოლო 4 პაციენტის დოკუმენტები მზადების პროცესშია.
სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების სამედიცინო და სხვა სერვისების მომსახურების დაფინანსებას, კომისიამ 6 თვეში 11 322 განაცხადი განიხილა, აქედან სრულად ან ნაწილობრივ 89,3% დაფინანსდა. მათ შორის, საზღვარგარეთ 176 ბენეფიციარის მკურნალობისთვის გმოიყო თანხა. გაცემულია 8 მლნ. 790 ათასი ლარი, აქედან 1 მლნ. 960 ათასი ლარი საზღვარგარეთის კლინიკებში გადაირიცხა.
შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, ივნისში მთის კურორტზე 444-მა ბავშვმა და მოზარდმა დაისვენა, ხოლო ზღვის კურორტზე - 175-მა. პროგრამა გრძელდება და სექტემბერში დამთავრდება.
კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, ზამთრის პერიოდში (იანვარი-თებერვალი-მარტი) 28 მლნ. 310 ათას 405 ლარია გადარიცხული და კომუნალური სუბსიდია 385 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო. გარდა ამისა, დამატებითი კომუნალური შეღავათების კუთხით დამატებითი ფულადი დახმარება 37 ათას 932 ოჯახზე გაიცა.
სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების პროგრამით, 6 თვის მანძილზე ახალშობილზე დახმარება 264-მა ოჯახმა მიიღო.
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 11 660 ბავშვზე 3 367 ოჯახი იღებს დახმარებას.
სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამის პირველ ეტაპზე მაისში 400 ლარი 806-მა ბენეფიციარმა მიიღო.
შშმ პირთა საზგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 16 პროექტია დაფინანსებული. 2015 წლის ბოლომდე პროგრამით 5000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
შშმ პირმა სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების პროგრამის ფარგლებში, მაისში 687 პირი დაფინანსდა.
100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამით წლის დასაწყისიდან 1000 ლარით 15 ხანდაზმული დაფინანსდა.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისთვის „ახალშობილთა” ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამით 166 ოჯახი დაფინანსდა.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების ერთიანი საინფორმაციო ელექტრონული სისტემა დაინერგა, ასევე, შემუშავდა და დაინერგა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შესახებ ყოველთვიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების სისტემა.