ხვალ, 30 აპრილს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება. კანონის შესაბამისად, 30 აპრილის ჩათვლით, პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოში როგორც მერობის, ისე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიები უნდა წარადგინონ.
ამავე ვადაში უნდა მოხდეს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ საარჩევნო ოლქებში, კერძოდ, ოზურგეთში, გურჯაანსა და დიდუბეში მაჟორიტარი კანდიდატები წარდგენაც.
ბოლო მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებზე ერთმანეთს ცხრა კანდიდატი დაუპირისპირდება. აქედან ხუთი - "ნაციონალური მოძრაობა" - გიგი უგულავა, "ეროვნული საბჭო" - ზვიად ძიძიგური, "საქართველოს დემოკრატიული პარტია" - დავით იაკობიძე, "სახალხო დემოკრატები" - ნიკა ივანიშვილი, "მომავალი საქართველო" - გიორგი ლაღიძე უკვე დარეგისტრირდნენ.
"ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატს ირაკლი ალასანიას, "ქრისტიან-დემოკრატების" - გია ჭანტურიას, "მრეწველების" - გოგი თოფაძეს და პარტია "სოლიდარობის" - თამაზ ვაშაძეს ოფიციალური რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლიათ.
ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 16 პარტია და სამი პოლიტიკური ბლოკი მიიღებს.