თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი "თბილისის" პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საკრებულოს დეპუტატებთან ერთად სახელოვნებო დარგის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ თავისი ფორმატით, ქართულ სახელოვნებო სივრცეში, ერთგვარ ნოვაციას წარმოადგენს და ხელოვნების არაერთ სფეროს მოიცავს.
თამარ ტალიაშვილმა სპეციალურ პრიზებსა და ნომინაციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკურსში აფხაზები და ოსებიც მიიღებენ მონაწილეობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტია. დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას ის რვა ნომინაცია და ჟიურის სპეციალური პრიზი გააცნო, რომელსაც აღნიშნული კონკურსი მოიცავს.
"პროზის, პოეზიისა და ესეს გარდა, გამარჯვებულები გამოვლინდებიან: არქიტექტურაში, ქანდაკებაში, ფოტოხელოვნებაში, სიმღერასა და ფერწერში. ასევე გვაქვს ჟიურის სპეციალური პრიზი, რომლითაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ის ნაშრომი დაჯილდოვდება, რომელმაც სხვა ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კონკურსის მნიშვნელობაზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კონკურსი საკრებულოს ინიციატივით ტარდება და ნომინანტების დაჯილდოვება "თბილისობის" დღეს მოხდება.
"ვფიქრობ, დედაქალაქმა კულტურული ცხოვრებით კიდევ უფრო უნდა გაიფართოოს თვალსაწიერი, რასაც მსგავსი კონკურსები უწყობენ ხელს. ჩვენ უნიჭიერესი ხელოვანები და შემოქმედები გვყავს და ბუნებრივია, მათი აქტიურობა და ქალაქის ღონისძიებებში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - მურაზ მურვანიძემ, რევაზ მიშველაძემ, ნიკუშა შენგელაიამ, ირმა სოხაძემ და სხვებმა კონკურსის მასშტაბურობასა და მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ მსგავსი კონკურსები ყველა ხელოვანი ადამიანისთვის დიდი სტიმულის მიმცემია.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებული კონკურსი ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, ქანდაკების, სიმღერისა და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედთა ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად ტარდება.
ნამუშევრების მიღება 20 ივლისიდან 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გამარჯვებულებს, „თბილისობის” ღონისძიების ფარგლებში, გადაეცემათ კონკურსის სიმბოლო ხოხობი და ერთჯერადი ფულადი პრემია.