"ალიანსი საქართველოსთვის'' თანათავმჯდომარის, სოზარ სუბარის გადაწყვეტილება - არ დააყენოს საკუთარი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის, გიორგი თრაგამაძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადება თარგამაძემ დღეს, პარლამენტში გააკეთა.
თარგამაძის თქმით, ის, რომ სუბარი "ალიანსის" საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა, მისი გასარაჩევი არ არის, თუმცა თარგამაძის განცხადებით, ოპოზიციური ფლანგის დასუსტება ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის ცუდი იქნება.
"ეს ჩემთვის გასაკვირი იყო და გეტყვით, რომ ოპოზიციური ფლანგის დასუსტების მომხრე არა ვარ~, - აცხადებს თარგამაძე და ოპოზიციას ,,ქრისტიან-დემოკრატების'' სიის პირველი ნომრის, ინგა გრიგოლიას მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.
"გრიგოლია იქნება პირველი ქალი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, ის იქნება ადამიანი, რომელიც ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებს'', - დასძინა თარგამაძემ.