დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნამოსახლარებსა და სამაროვნებს ხვალ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მოინახუოლებენ.
სამაროვნებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოებისას მიაკვლიეს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ობიექტის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ნამოსახლარები და სამაროვნები გვიან ანტიკური პერიოდის და ადრე შუა საუკუნეებისაა. მათგან აღსანიშნავია მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ყანჩაანთ სოფელში აღმოჩენილი ორი სამაროვანი, სადაც იმ დროისათვის შეძლებული ადამიანები იყვნენ დაკრძალულნი.
ორმო-სამარხებში ჩატანებული აღმოჩნდა: სხვადასხვა ფერისა და ფორმის მინის სანელსაცხებლები, ბრინჯაოს ზარაკები, ირმის ქანდაკებები, საკიდები, ბეჭდები, ოქროს საკიდი და საყურეები, ვერცხლის რომაული მონეტები, რკინის საბრძოლო იარაღები და თიხის ჭურჭელი.
მოპოვებული მასალის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ დმანისის რეგიონში, იმ დროისათვის საკმაოდ განვითარებული და სოციალურად დაწინაურებული საზოგადოება ცხოვრობდა, რომელსაც მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, როგორც საქართველოს რეგიონებთან, ასევე რომთან და სირიასთან. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის I-IV საუკუნეებით თარიღდება.