"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ დღეს მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარის კანდიდატად თამთა დემურიშვილი წარადგინეს.
როგორც წარგენაზე გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ქართველი ამომრჩევლისთვის დაბალ ტარიფებთან და დასაქმების პროგრამასთან ერთად ჯანდაცვის და სოციალური დაცვის საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩვენი ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მუნიციპალური გეგმა პირველ რიგში ყველაზე დაუცველ ფენებზე იქნება ორიენტირებული. ამ კუთხით კი ჩვენი მოძრაობისთვის თამთა დემურიშვილი ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია", - აღნიშნა პარტიის ლიდერმა.
მაჟორიტარი კანდიდატის თამთა დემურიშვილის განცხადებით, კი იგი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება და მოსახლეობის პრობლემებს დეტალურად შეისწავლის.
"მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან დაბალ ტარიფებს ცინიკური დამოკიდებულება მოჰყვა, მინდა ვთქვა, რომ ეს პირდაპირ კავშირშია სოციალურ საკითხებთან", - აღნიშნა დემურიშვილმა წარდგენაზე.