ლიკა კიკიანის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მაია ნიკოლეიშვილმა დასკვნა დადო. როგორც კიკიანი აცხადებს, დადასტურდა, რომ მის სხეულში ალკოჰოლის ძალიან მცირე რაოდენობა იყო და მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
კიკიანი ნიკოლეიშვილის რჩევით გეგმავს ასევე, რომ ფსიქოლოგს მიმართოს, რადგან მომხდარის გამო სერიოზული სტრესი მიიღო.
"დასკვნაში წერია, რომ მაქვს მრავლობითი დაზიანება. რომ, ჩემი თრობა იყო ძალიან დაბალი, რომ ეს თრობას არც შეესაბამება. რაც მე მაქვს აღწერილი ეს არის დაფიქსირებული. ამას დაემატება სახელმწიფო ექსპერტის დასკვნა. ამ ყველაფერს შევიტან პროკურატურაში. შეიძლება ეს ცოტა ადრე შევიტანო, რომ ეს იქ იდოს საქმეში. ამას დაემატება ექიმის დასკვნა. ასევე ფსიქიატრის დასკვნასაც შევიტან. ქალბატონმა მაიამ მირჩია ფსიქიატრთან გავიარო კონსულტაცია. ამ ამბების შემდეგ მიღებული მაქვს ძალიან დიდი სტრესი,"- განაცხადა კიკიანმა.
შეგახსენებთ, კუს ტბაზე მდებარე ერთ-ერთი კლუბის მენეჯერმა ლიკა კიკიანმა ინტერნეტში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჰყვება, რომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტის დროს პოლიციამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს გენინსპექციამ, მოკვლევის შემდეგ, პოლიციელების მხრიდან კიკიანის ცემის ფაქტი უარყო. მოგვიანებით, პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.