პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მმართველი გუნდის ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ანდრო ალავიძემ ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
როგორც ალავიძემ შეხვედრისას აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში მისი მთავარი პრიორიტეტი რაიონის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათი სოციალური უფლებების დაცვა და დასაქმება იქნება.
"რადგან ჩუღურეთის რაიონში მწვავედ დგას ავარიული ბინების საკითხი
და ამავდროულად, ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი, ვფიქრობ, პროექტი - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" ამ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა", - განაცხადა ალავიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, რაიონში ძალიან ბევრი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახიც ცხოვრობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩუღურეთელების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება.
საკანონმდებლო ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, გამარჯვების შემთხვევაში დიდ ყურადღებას დაუთმობს მოქალაქეების სოციალური უფლებების დაცვის საკითხსაც.
"რაც მეტი შესაძლებლობა მექნება, მით მეტს გავაკეთებ ჩემი ჩუღურეთელებისთვის", - განუცხადა ამომრჩევლებს დეპუტატობის კანდიდატმა.
შეხვედრაზე ჩუღურეთის მოსახლეობის მიერ დაისვა კონკრეტული საკითხები, რომლის გადაწყვეტაშიც ალავიძემ მათ თანადგომა და დახმარება აღუთქვა.