მოსკოვში ვიზიტით მყოფი "ეროვნული საბჭოს" ლიდერები კობა დავითაშვილი და კახა კუკავა "ლიბერალ-დემოკრატიური" ფრაქციის ლიდერ ვლადიმერ ჟირინოვსკის შეხვდნენ. როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, ჟირინოვსკიმ მათ ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარების საკუთარი ფორმატი შესთავაზა.
"თქვენ უნდა გაიგოთ, რომ რუსეთი თქვენთვის უცხო ქვეყანაა და ძნელია ქართველების მხარეს დადგეს. რატომ დავდექით აფხაზებისა და ოსების მხარეზე? იმიტომ, რომ ისინი რუსეთზე მხოლოდ კარგს ამბობენ, ისინი ილტვიან რუსეთისკენ - ჩამოდიან და დახმარებას გვთხოვენ. ამის გამო, გვინდა თუ არ გვინდა, საზოგადოებრივი აზრი მათ მხარეს იხრება. თბილისშიც რომ კარგი ელაპარაკათ რუსეთზე, რუსებზე, რუსულ არმიაზე, არავითარი პრობლემა არ იქნებოდა", - მიმართა ჟირინოვსკიმ ქართველ ოპოზიციონერებს.
რუსი დეპუტატის აღნიშნული განცხადების მიუხედავად, კუკავა მასთან შეხვედრით კმაყოფილია და მას "საქმიანს" უწოდებს.
"გვქონდა ძალიან საქმიანი და პრაგმატული საუბარი და რამდენიმე კვირაში ალბათ შესაძლებელი იქნება "ლიბერალ-დემოკრატიული" პარტიის დახმარებით და შუამავლობით დისკუსიების დაწყება იმ ძირითადი პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ ამ შეხვედრის შემდეგ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი", - განუცხადა კუკავამ ჟურნალისტებს ჟირინოვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭოს" ლიდერები მოსკოვში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან. გუშინ ისინი "კომუნისტური პარტიისა" და რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ.