მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ლიდერის, ეკა ბესელიას შეფასებით, მისი შვილისა და ძმის წინააღმდეგ პატიმრობის შეფარდების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ უზნეობის დემონსტრირება მოახდინა.
"არ ვფიქრობ, რომ ამით ხელისუფლებამ გაიმარჯვა. ეს იყო მათი უზნეობის დემონსტრირება და მარცხი, ამიტომ ბრძოლას გავაგრძელებ", - განაცხადა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი განმარტებით, ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
აღსანიშნავია, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ბესელია პარლამენტის წინ მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას 30 აპრილს გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ეკა ბესელიას შვილს, რატი მილორავას და ძმას, სერგო ბესელიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაუტოვა.
არასრულწლოვან რატი მილორავას ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა 2 000-ლარიან ჯარიმასთან ერთად შეეფარდა, ხოლო სერგო ბესელიას თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით და ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ მსჯავრდებულებს როინ ცაგარელსა და ვალერი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.