"არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებზე საგარეო უწყების ოფიციალური განცხადება არ კეთდება", - ამის შესახებ კომენტარი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებასთან დაკავშირებით გაკეთა.
"საგარეო უწყება არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებზე ოფიციალურ განცხადებებს არ აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კრიზისების ცენტრთან კარგი და საქმიანი ურთიერთობები გაქვს, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციას თავის კვლევის გამოქვეყნების შემთხვევაში შეცდომები ხშირად მოსდით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ კვლევას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის შესახებ ჩატარდა და რომელშიც იქ მცხოვრებლები ქართველებად და მეგრელებად მოიხსენიეს, საგანგაშო არაფერია, რადგან სამეგრელოს წარმომადგენლებმა თავიანთი კუთხური წარმომავლობის იდენტიფიკაცია მოახდინეს", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე გუშინ საერთაშორისო კრიზისების ცენტრის მიერ ქართველებისა და მეგრელების სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებად მოხსენიება გააპროტესტა და ხელისუფლებისგან სასწრაფო რეაგირება მოითხოვა.