"სახალხო დემოკრატების" ლიდერი, ნიკა ივანიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აშენებულ რკინიგზას ხელისუფლების მორიგ პიარკამპანიად აფასებს. ამის შესახებ ნიკა ივანიშვილმა დღეს, აეროპორტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ხელისუფლება თანხების უაზროდ ხარჯვაში დაადანაშაულა.
როგორც ივანიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აშენებული რკინიგზა სახელმწიფოს 16 მილიონი ლარი დაუჯდა.
"როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავადვე განაცხადეს, აღნიშნული რკინიგზის მშენებლობა 16 მილიონი დაჯდა. ამასთან ეს თანხები სახელმწიფომ ბიუჯეტიდან დახარჯა. როგორც ცნობილია, ერთადერთი ვინც ამ მატარებლით ისარგებლა მიხეილ სააკაშვილია, რადგან მას შემდეგ ბილეთი აღარ გაყიდულა", - განაცხადა ნიკა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმითვე, მგზავრთა რაოდენობის სიმცირეს ის ფაქტიც განაპირობებს, რომ ბაქანზე წყალი ჩადის.
შეგახსენებთ, რომ "სახალხო დემოკრატები" რიყეზე ხიდის მშენებლობასც აპროტესტებენ. ივანიშვილის თქმით, ის 70 მილიონი, რომელიც აღნიშნული ხიდის მშენებლობისთვის იხარჯება, უმჯობესი იქნება თუ მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობას მოხმარდება.