საქართველომ და გვატემალის რესპუბლიკამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მხარეებს შორის შესაბამისი კომუნიკე გუშინ, 27 აპრილს გაფორმდა.
კომუნიკეს თანახმად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ქართველი და გვატემალელი ხალხების ინტერესებს ემსახურება და ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები სუვერენული თანასწორობის, მეგობრული ურთიერთობების, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებით იხელმძღვანელებენ.
გვატემალის მხრიდან კომუნიკეს ხელი სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გერტ როზენტალმა, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ მოაწერა.
ხელმოწერის ცერემონიალი შედგა ნიუ-იორკში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.
გვატემალა მეხუთე ლათინურამერიკული სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ 2010 წელს დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მანამდე ანალოგიური დოკუმენტები გაფორმდა დომინიკის რესპუბლიკასთან, პარაგვაისთან, პერუსთან და სენტ-ლუჩიასთან.
სულ, 2010 წელს საქართველომ 15 სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. გარდა ლათინური ამერიკისა ესენი არიან აზია - წყნარი ოკეანეს რეგიონის სახელმწიფოები - ბრუნეი, მალდივის რესპუბლიკა, მარშალის კუნძულები, ფიჯი და სამოა, და აფრიკული სახელმწიფოები - ბოტსვანა, კაბო-ვერდე, კომორო და ლიბერია.
გაეროს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული აქვს 137-თან.