საქართველოს პრეზიდენტმა მის მიერ ინიცირებული "თავისუფლების აქტის" პრეზენტაცია შეერთებულ შტატებში გამართა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა ლოს-ანჟელესში, მილკენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გლობალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "თავისუფლების აქტის" აზრი ძალიან მარტივია - ლიბერალური ცვლილებები კონსტიტუციის ნაწილად იქცეს, რაც ნიშნავს იმას, რომ გადასახადები არ გაიზრდება, ახალი წესების შემოღება კი რეფერენდუმის გარეშე შეუძლებელი იქნება.
"საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. 6-7 წლის წლის წინ ის წარუმატებელი სახელმწიფო იყო. ხელისუფლება არ ასრულებდა თავის ძირითად ფუნქციებს. არ იყო კანონის დამცველი პოლიცია. ხალხი სკეპტიკურად იყო განწყობილი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, კორუფცია კი ქვეყნისთვის ორგანული მოვლენა იყო. ჩვენ უნდა განგვეხორციელებინა რთული ტრანსფორმაცია და სწრაფად უნდა გვემოქმედა, რაც გავაკეთეთ კიდეც. მე აქ ვარ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ "თავისუფლების აქტი", რომელიც განსაზღვრავს ჩვენს კონსტიტუციას. რაც შეეხება მის პრინციპებს, ესენია: თავისუფლება, დაბალი გადასახადები, კერძო საქმიანობაში სახელმწიფოს ჩაურევლობა და ერთიანი შესაძლებლობების შექმნა ყველასთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი მიღწევა საზოგადოების სოციალური და მენტალური ტრანსფორმაცია.
"ჩვენი უმთავრესი ცვლილება საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოების სოციალური და მენტალური ტრანსფორმაცია იყო. მაშინ ხალხი მიჩვეული არ იყო დამოუკიდებლად აზროვნებას, ახლა კი სხვა ვითარებაა. გასულ წელს საქართველოში უამრავი ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. მათ ჩვენი ბლოკირებაც მოახდინეც, რაც ნორმალური პროცესია. ყველაზე რეალური ცვლილება ის არის, რომ ჩვენ დავამყარეთ ქვეყანაში მერიტოკრატია - სახელმწიფომ ჩამოაყალიბა განათლების ინსტიტუტი, პოლიცია ახლა იყენებს მინიმალურ ძალას, ჩვენთან სამჯერ ნაკლები დანაშაულია, ვიდრე რუსეთში, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე კრიმინალური ქვეყანა ვიყავით... ჩვენ შევძელით ეკონომიკის ზრდაც - უცხოული კაპიტალისა და კრედიტების შემოდინების წყალობით. ჩვენ გავატარეთ საზოგადოებრივი სექტორის უზარმაზარი რეფორმა, შევამცირეთ ლიცენზიები და მარეგულირებელი სააგენტოები, რის შედეგადაც საქართველოში ბევრი რამ გამარტივდა... საქართველო არის მსოფლიოს თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის. იგი პირველია მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ჩვენმა ქვეყანამ 39 პოზიციით წინ წაიწია, მაშინ, როცა რუსეთი 38 პუნქტით ქვევით ჩამოვიდა", - განმარტა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ლოს-ანჟელესიდან ისევ ვაშინგტონში გეგმავს ჩასვლას, სადაც ის ატლანტიკური საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.